2026 წლის 19-20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების – ICON•S საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით საზოგადოების IV ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა იყო „სამართლის უზენაესობის მომავალი მსოფლიოში და საქართველოში“. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა, პროფესორებმა, მკვლევრებმა და იურისტებმა საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე წარადგინეს მოხსენებები.
კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოხსენებით წარსდგა ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ემერიტა ბრიჯიტ არიმონდი. მის გამოსვლაში „თავდასხმები აკადემიურ თავისუფლებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში: დანებება თუ წინააღმდეგობა?“ ყურადღება გამახვილდა აკადემიური თავისუფლების წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზსა და ინსტიტუციური მდგრადობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან და ინტერდისციპლინურ პანელურ სესიებს, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:
– სამოქალაქო სივრცის შევიწროება: გაერთიანების თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებული გამოწვევები;
– მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კრიზისი საქართველოში: სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და არსებული გამოწვევები;
– კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, განჭვრეტადობა და სამართლის უზენაესობის ილუზია საქართველოში;
– სამართლის უზენაესობა ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივაში;
– კანონის უზენაესობა თანამედროვე სახელმწიფოში: დემოკრატიული მმართველობის სამართლებრივი და ინსტიტუციური გამოწვევები.
ICON•S საქართველოს ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც სამართლის სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს აზრთა გაზიარებისა და სამეცნიერო დისკუსიების შესაძლებლობა ეძლევათ.
იხილეთ ფოტოგალერეა სოციალური მედიის გვერდზე